2000-იან წლებში სოფელ კურსებში ცხოვრობდა კაცი, სახელად იონა. იონა საქმის ადამიანი იყო, მის იქით არც პირადი ცხოვრება ჰქონდა და არც უფრო დიდი ვნება. რაღაცის შექმნის ჟინისა და მიზნისადმი სწრაფვის დიდი სიჯიუტის წყალობით, იონამ არაფრისაგან წარმატებული ქვის ცეხი გახსნა, ბევრი ადამიანიც დაასაქმა და თითოეულის კეთილდღეობაზე გულწრფელად ზრუნავდა.
როდესაც სახელმწიფოში ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყო, სამეწარმეო საქმე მკაცრად დაკანონდა და საგადასახადო აღსრულება დაიწყო, იონას ბუღალტრის აყვანა მოუწია. იმის მიუხედავად, რომ იონას თავი გარჯისათვის, ახლის შენებისთვის ჰქონდა გადადებული, უცნაური რამე მოხდა და ცხოვრებაში პირველად, ბუღალტერი ქალი შეუყვარდა. ბუღალტერი ქალიც არ აღმოჩნდა მისდამი გულგრილი. იონამ ბუღალტერი პაემანზე დაპატიჟა და ამ დღის დადგომას სულმოუთქმელად, ყველა წამისთვლით ელოდა. ისე აღმოჩნდა, რომ პაემნად დათქმულ დღეს ბუღალტერს ქვის ცეხში საქმე გამოუჩნდა. სიყვარულიან ცხოვრებაში გამოუცდელმა იონამ, რომელიც პაემნის მოლოდინში დილებს აღამებდა, ღამეებს კი ათენებდა, შეხვედრის გადადება ვერ აიტანა და რადგანაც ცეხი ისედაც მისი იყო, ბუღალტერ ქალს მოუზომელად, დემონსტრაციულად გამოუცხადა, ჩათვალე საქმისგან გათავისუფლებული ხარო.
ბუღალტერმა ქალმა ეს ნათქვამი დიდკაცობაში ჩაუთვალა, პროფესიული ღირსება შეელახა, განაწყენებულმა პაემანზეც უარი თქვა და იონაზეც გული აიცრუა. ამ დრამატულ სცენას, იონას კურსებელი მეზობელი ქალიც შეემატა, რომელსაც იონასადმი გრძნობები გაჰღვივებოდა და მისი ბუღალტერით გატაცება ამწარებდა. მეზობელმა ქალმა ბუღალტერს ბევრი ავი რამ უთხრა იონაზე და მეტიც, ცეხის სხვა თანამშრომლებთანაც სიტყვა დააგდო იონას სიავეზე, უსაქციელობაზე, უპატიოსნობასა და ავკაცობაზე. მეზობლის ქალის გამოისობით, იონას სახელი მისსავე საზოგადოებაში ილახებოდა.
იონა ერთდროულად მრავალ ფრონტზე აღმოჩნდა. მისმა დაშვებულმა შეცდომამ სიყვარული დააკარგინა, მეზობლის ქალმა კი სისხლჩაქცეული შრომით ძლივსაგებულ საქმეს წყალი შეუყენა. მისი მდგომარეობა იმდენად გამოუვალი ჩანდა, სოფელ კურსებში ლეგენდად იქცა და ყოფაცხოვრებაშიც დამკვიდრდა,- როცა ადგილობრივები განსაკუთრებულ სირთულეს გადააწყდებიან, საკუთარი მდგომარეობის წარმოსაჩენად იტყვიან ხოლმე: "რა ქნას ახლა იონამ?".